ინკლუზიური სწავლების სტრატეგიები
სსიპ სამტრედიის #1 საჯარო სკოლაში
ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ბავშვის უფლებათა ამგვარ ფართო აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში.
სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. სწავლის პროცესში სირთულეები შეიძლება ექმნებოდეთ ნიჭიერ ბავშვებსაც, ქუჩის და მომუშავე ბავშვებს, ეთნიკური, კულტურული უმცირესობის და სხვა მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებას კი წარმოადგენს მოძებნოს ყველა ბავშვის წარმატებით სწავლების გზები.
ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში.
ჩვენს სკოლაში 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე(სსსმ) მოსწავლეა. ყველას გონებრივი განვითარების დარღვევები აქვთ.
ჩვენი ძირითადი მიზნებია:
1. სსსმ მოსწავლეების სოციალური ინტეგრაცია;
2. მათი მეტყველების, ქცევის გაუმჯობესება;
3. თითოეულ საგანში აუცილებელი და ელემენტარული ცოდნის შეძენა;
4. თვითშეფასების გრძნობის ამაღლება.
ამ მიზნების მისაღწევად ყველა სსსმ მოსწავლისთვის თითოეულ საგანში შემუშავდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები (ისგ). მასწავლებელთა უმრავლესობამ შეძლო მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიკაცია, ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა. ამის შესაბამისად სწორად განისაზღვრა მოკლე და გრძელვადიანი მიზნები და მათი შესასრულებლად შესაფერისი აქტივობები. მასწავლებლებლის ამოცანა იყო, როცა ისინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების ადაპტირებას ახდენდნენ, განესაზღვრათ, რა წარმატებით შეუძლია მოსწავლეს აითვისოს უნარები, რომელსაც მისი კლასელები ითვისებენ და დაეგეგმათ მისთვის ის აქტივობები და დავალებები, რომელსაც მოსწავლე თავს გაართმევს და რომელიც დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში. ისგ-ს წარმატებით განხორციელებისთვის პედაგოგები ახორციელებდნენ სისტემატურ მონიტორინგს, რადგან აუცილებელი იყო იმის დადგენა, თუ რომელი აქტივობა უჭირს მოსწავლეს, რომელს ასრულებს მასწავლებლის დახმარბით ან დამოუკიდებლად, რომლის შესრულება მოსწონს განსაკუთრებით და ა.შ.. აქედან გამომდინარე გეგმავდნენ მომდევნო გაკვეთილის ჩატარებას.
ჩვენი სკოლის სსსმ მოსწავლეებს გონებრივი ჩამორჩენა აქვთ. გონებრივი ჩამორჩენა ფსიქიკური განვითარების დაღვევაა, რაც ვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობების მნიშვნელოვნად ჩამორჩენასა და ადაპტაციური ქცევების მნიშვნელოვან სირთულეებში.
გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების სწავლებისას ჩვენი სკოლის პედაგოგებმა იციან, რომ სასურველია:
· ხელშესახები და თვალსაჩინო მასალის გამოყენება.
· დავალებების მცირე ნაწილებად დაყოფა.
· სწავლების ნელი ტემპი.
· დასწავლილი ჩვევის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.
ინკლუზიური განათლების პროცესი მრავალმხრივი და რთულია. მოითხოვს დიდ შრომას და მასწავლებელთა კვალიფიკაციას. შეუძლებელია წარიმართოს ეს პროცესი ხარვეზების გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა უმრავლეს შემთხვევაში შეინიშნება პროგრესი. მოსწავლეებს შედარებით უკეთესად აქვთ განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები, ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა სასკოლო ღონსძიებებში. მეტი ყურადღება სჭირდება ამ საკითხის აკადემიურ მხარეს, რადგან მოსწავლეებს კითხვის, წერის, მათემატიკური ანგარიშის პრობლემები აქვთ. მომავალში საჭიროა ამ მიმართულებით გაძლიერება მუშაობის , რათა განუვითაროთ მოსწავლეებს სწავლის პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა დავალებაზე ყურადღების გამახვილება, დამახსოვრება, დამოუკიდებელი მუშაობა, მეტყველება და განზოგადება.
აღსანიშნავია , რომ ეროვნული გეგმის თანახმად, მშობელი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს შვილის საგანმანათლებლო სივრცის მოწყობაში, მაგრამ ეს უფლება პრაქტიკის დონეზე ნაკლებად ხორციელდება. მშობლების მონაწილეობა ინკლუზიური განათლების პროცესში პრობლემურია.
სკოლას გააჩნია რესურს ოთახი. მას ემსახურება ინკლუზიური განათლების 2 პედაგოგი და ყველა ის მასწავლებელი, რომელიც სსსმ ბავშვების ინკლუზიური სწავლების პროცესში მონაწილეობს.
რესურს ოთახი სსსმ მოსწავლეების საგაკვეთილო განრიგის შემადგენელი ნაწილია, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ იმეცადინონ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. რესურს ოთახში ყოფნის ინტენსივობას მათი ისგ-ები გავსაზღვრავს
ყველა სსსმ მოსწავლის პედაგოგი თითოეული მოსწავლის პორტფოლიოს აწარმოებს, რომელშიც არის:
1) ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. ;
2) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც უნდა ადასტურებდეს კონკრეტული მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებას;
3) პედაგოგიური შეფასების ცხრილი
4) დახასიათებები
5) შემაჯამებელი სამუშაოს ნიმუშები
6) ფოტო და ვიდეომასალა
ჩვენი სკოლის ინკლუზიური განათლების მოდელი, საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს და აქტიურად იცხოვროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий